საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, საევაკუაციო ნაგებობა მოეწყო.
მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და სტიქიის შემთხვევაში, საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.
208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო აივანი ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან იწყება და დარიალის მამათა მონასტერთან სრულდება, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.
დასრულებული სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ მოინახულა.
სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიონ 730 ათასი ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ასრულებდა.
სინქრონი: საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე