"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოდან" საარჩევნო პროცესში მონაწილეობას პარტიის ლიდერის - ნინო ბურჯანაძის გარდა ყველა წევრი მიიღებს.
"რა თქმა უნდა, მივალთ არჩევნებზე და საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას დავაფიქსირებთ", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიაში.
რაც შეეხება თავად პარტიის ლიდერს, როგორც "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურში განმარტავენ, ნინო ბურჯანაძე ხმის მიცემის უფლებას ევროპაში ვიზიტით ყოფნის გამო ვერ გამოიყენებს.
"ქალბატონი ნინო ევროპაში იმყოფება. ამიტომ ის ხმას ვერ მისცემს", - განმარტავენ ბურჯანაძის პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მასში, როგორც საარჩევნო სუბიექტად მონაწილეობაზე "დემოკრატიულმა მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" უარი განაცხადა. რაც შეეხება თავად პარტიის ლიდერს, ის უკვე რამდენიმე დღეა ვიზიტით ევროპაში იმყოფება. ნინო ბურჯანაძე სამშობლოში სავარაუდოდ, სამშაბათს, 1-ელ ივნისს დაბრუნდება.