დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ტელეკომპანიების მიერ წინასაარჩევნოდ გადასახადების დამალვის ნიშნებს ხედავს. შესაბამისი განცხადება ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში, ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე გააკეთა.
"ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან, პოლიტიკური რეკლამისთვის უფასო საეთერო დრო გამოუყონ კვლალიფიციურ სუბიექტებს. მაგრამ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობს ყველა პარტია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კვალიფიციური სუბიექტი. ვეჭვობ, რომ არაკვალიფიციურ სუბიექტებს ე.წ. უფასო სარეკლამო დროისთვის გადახდილი ექნებათ თანხა, მაგრამ ტელეკომპანიები გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ამ რეკლამას უფასო პოლიტიკურ რეკლამას აწერენ", - განაცხადა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციულმა ჯგუფმა, რომელიც საარჩევნო პროცესის მონიტორინგისათვის არის შექმნილი, დღეს არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარისგან მოისმინა.