„ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს 16 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
„მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ გამოვიტანეთ პროექტი ნებართვის მოწონების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს და მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის. ორი მიმართულება იქნება გამოტანილი: ერთი გახლავთ ამბროლაური, სადაც 1100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება არის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ქუთაისიდან სექტემბრის თვეში უნგრული კომპანია Wizz Air 7 ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენას. „არსებულ რეისებს დაემატება დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი, ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩგვექნება 23 სიხშირე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.