საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 099 000 ლარია.
რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე, გათვალისწინებულია ბეტონის კიუვეტების, ბორდიურების და წყალამრიდი ლითონის მილების მოწყობა და საგზაო ნიშნების მონტაჟი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების (საირხის, გორისას, მოძვის, ჯალაურთას, ქორეთის და ჭორვილას) დაახლოებით 11 ათასი მოსახლე უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.
მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.