დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო. რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გააცნეს.
ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს აშენებისთვის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარია გამოყოფილი. თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. ტერიტორიაზე ორი 5-სართულიანი და ერთი 4-სართულიანი ბლოკი აშენდება. ტერიტორიის ფართი 22 107 კვ. მეტრს შეადგენს.
ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც. მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში 1964 წელს აშენდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში შენობები ფაქტიურად ამორტიზებულ მდგომარეობაში იყო.