რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველ ფაზას იწყებს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს და პროექტის გეგმას გაეცნენ.
გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.
პროექტი, სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.