ადგილობრივი ტურისტული სააგენტოებისთვის მაჭახელას ხეობაში ინფოტური მოეწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტუროპერატორებმა „მაჭახელას თოფის გზა“ გაიარეს. ინფოტურის მიზანი მაჭახელას ისტორიულ-კულტურულ მარშრუტზე არსებული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციაა.
ტურის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა მაჭახელას ხეობაში არსებული VI საუკუნის გვარას ციხე, ცხემლვანას თაღოვანი ხიდი, მაჭახელას თოფის მონუმენტი, ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი და საოჯახო სახლები მოინახულეს. მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მათთვის პარკისა და მისი ტურისტული ბილიკების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ტურის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მაჭახელელი ბავშვების მიერ შესრულებული განდაგანა, ლაზური, ხორუმი და ცეკვა „მაჭახელას თოფებით“ ენახათ.
ტური „მაჭახელას თოფის გზა“ ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია, რაზეც ხეობაში ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს. ხეობაში მარკირებულია ტურისტული ობიექტები და ფუნქციონირებს საოჯახო სახლები. მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მაჭახელას მიმართულებით 15-მდე უცხო და ქართულ ენოვანი გიდი გადაამზადა. შემდეგი კვირიდან კი სააგენტო მაჭახელას მიმართულებით სპეციალური ტურების დანიშვნას გეგმავს.