საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიღნაღი - წნორის საავტომობილო გზის 5.6 კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნული მონაკვეთი ქ. სიღნაღში, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას და სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზების გასაყარზე იწყება და სიღნაღი_წნორის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე სრულდება. მონაკვეთი დაზიანებული იყო და სრულად ვერ უზრუნველყოფდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.
პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: არსებული დაზიანებული ზღუდარების, დაზიანებული ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების, ქვედა საყრდენი კედლის შეკეთებას; კიუვეტების მოწყობასა და სავალი ნაწილის აღდგენას. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება; მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 775 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.