საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული ავღანეთიდან დაბრუნდა.
მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ღებულობდნენ მონაწილეობას.
ქართველი ჯარისკაცები ქაბულში 2009 წლის ნოემბრიდან იმყოფებოდნენ. ისინი ფრანგულ ბაზაზე დისლოცირებული ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედროების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
"შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამშვიდობო მისია შესრულებულია მაღალ დონეზე და მე მინდა თითეულ ჯარისკაცს, რომელიც მონაწილეობდა ოპერაციაში გადაუხადო მადლობა გაწეული სამსახურისთვის", - აღნიშნა ავღანეთიდან დაბრუნებულმა უფროსმა ლეიტენანტმა ჯემალ წითაძემ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების 172 სამხედრო და კაპელანი მართლმადიდებელი მღვდელი მამა იოსები ავღანეთში ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.