მარნეულში მცხოვრები 400--მდე ბავშვი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში ივლის. ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად იქნება ადაპტირებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს, პროექტი ბაგა-ბაღის შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მოიცავს შიდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და ახალი გათბობის სისტემების მოწყობას, სახურავის დაზიანებული ხის კონსტრუქციებისა და ფენილის გამოცვლას.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
N3 ბაგა-ბაღის შენობა 1988 წელს არის აშენებული და მას დღემდე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია. ახალი სასწავლო წლიდან ქ. მარნეულის N3 ბაგა-ბაღი 280 ბავშვის ნაცვლად 400-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.