აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა მერაბ ხალვაშს უნივერსიტეტის რექტორად არჩევა მიულოცა და აკადემიური საბჭოს წევრებთან უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებში ჩართულობაზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მნიშვნელოვანია აკადემიური სექტორის ჩართულობაც და მათი ხედვების გათვალისწინებაც. ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა აკადემიურ საბჭოს. უნივერსიტეტის რექტორმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შესთავაზა საჯარო ლექციების წაკითხვა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მისი მრავალწლიანი წარმატებული დიპლომატიური გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება. ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე.
,,ეს არის გაცნობითი ხასიათის პირველი შეხვედრა. თქვენთან ერთად ჩვენ მივაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არის ყველაზე უფრო ეფექტური და შედეგიანი. არაერთი თაობა აღზრდა ამ უნივერსიტეტმა. მადლობა მინდა გადავუხადო აქ მოღვაწე პროფესორ-ლექტორებს და მასწავლებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობა. ჩვენ მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის. მინდა თქვენი გამოცდილება, თქვენი აზრი მოვისმინო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი ფაქიზი, ძალიან სენსიტიური თემაა, რომლებსაც სიღრმისეულად შესწავლა უნდა. ამიტომ თქვენი აზრი და ხედვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნა საბჭოს წევრებთან საუბრისას ზურაბ პატარაძემ.