2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე ამერიკამ რუსეთს მკაცრად უნდა შეახსენოს ევროპაში საზღვრების ძალადობრივი ქმედებებით გადაადგილების დაუშვებლობის შესახებ. ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა The Washington Post-ში ნატოში აშშ-ის ყოფილმა მუდმივმა წარმოამდგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოლიმპიადაზე დასავლეთის სახელმწიფოთა ჩასვლა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების _ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფაქტის მიღება იქნება.
ვოლკერი აღნიშნავს, რომ ოლიმპიური ასპარეზობები გაიმართება იმ ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, რომელიც რუსეთმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებით ძალადობრივად გამოყო საქართველოდან.
იმისათვის, რომ აშშ 2014 წელს იძულებული არ გახდეს, ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადოს, ვოლკერი მას ოთხი აუცილებელი ნაბიჯის გადადგმას სთავაზობს. დიპლომატს მიაჩნია, რომ ვაშინგტონი უმთავრესად ევროკავშირის ქვეყნებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის საკითხზე უნდა შეუთანხმდეს. აქედან გამომდინარე, ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი ფორმით სადავო ტერიტორიების აღიარებაზე, ამ ტერიტიორიებზე გაცემულ დოკუმენტებზე და მცხოვრებლები თავინთ ქვეყნებში არ მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს გავლით არ მოხვდებიან.
დიპლომატი უპირველესად აშშ-ის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ნებისმიერ სავაჭრო და საბიზნესო კონტაქტებისა და ევროკავშირსა და აშშ-ში ვიზების გაცემის აკრძალვის შემოღებას სთავაზობს. ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკების შემთხვევაში ამ ტერიტორიებისთვის ავტონომიის მინიჭების შემდეგ აღნიშნული აკრძალვები სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს.
მეორე ნაბიჯად დიპლომატი ამ მიმართულებით მუშაობის ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურებას მიიჩნევს. მესამე ეტაპად მოსკოვმა და ვაშინგტონმა დიალოგი უნდა განაახლონ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, რათა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას შეუწყოს ხელი.
ვოლკერის აზრით, მეოთხე ნაბიჯს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ასიგნირების გაზრდა წარმოადგენს. დიპლომატის თქმით, აუცილებელია ცხელი წერტილების მონიტორინგი, კორუფციასთან ბრძოლა და კავკასიაში ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარება. საერთაშორისო საზოგადოებამ და აშშ-მ აზერბაიჯანსა და სომხეთს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ უნდა მოუწოდონ. ეუთო, ევროკავშირი და აშშ ვალდებული არიან საქართველოში მაქიმალურად გამჭვირვალე არჩევნები უზრუნველყონ. თუ აშშ და ევროკავშირი დიპლომატიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ 2014 წელს მსოფლიო მიუღბელ ვითარებას წააწყდება", _ მიიჩნევს დიპლომატი.