თეთნულდის სამთო-სათხილამურო კომპლექსის განვითარების კონტექსტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის თემის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციას შეიმუშავებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიზნით მულახის თემის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე სისაური, სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის უფროსი ნინო გვენცაძე და მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მულახის თემის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობა მუნიციპალიტეტის სწორი და გეგმიური განვითარებისთვის. სამინისტროს წარმომადგენელმა მოსახლეობას ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ გააცნო.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების აღიარების საკითხებზე, რომლითაც სოფელ მულახის მოსახლეობა სარგებლობს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მულახის თემის წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სახელმწიფო პროგრამას „ზოგიერთ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკანონების ხელშეწყობის შესახებ.“ საწყის ეტაპზე აღნიშნული პროგრამა განხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის 4 თემში.
შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება მულახის ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის სასოფლო–სამეურნეო (სახნავი, სათიბი) მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება. აღნიშნულ სამუშაოებს უზრუნველყოფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან ერთად იმუშავებს.