საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მარტვილში 18 წლის მიხეილ ბერიშვილისა და მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად მიხეილ ბერიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიხეილ ბერიშვილისა და ელგუჯა ჯამრიშვილის დაღუპვა დიდი დანაკლისია.
"დანარჩენს ყველაფერს ეშველება. სტიქიის შედეგებს ჩვენ მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრით, ყველა უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველა რეგიონში განაწილებული ვართ მინისტრები, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყვეტილებები მიიღება რაც შეიძლება ჩქარა. ზარალის ანაზღაურების ნაწილს, ზარალის დათვლის შემდეგ განვსაზღვრავთ. შევეცდებით, მაქსიმალურად ავუნაზღაუროთ, რისი შესაძლებლობაც იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
უბედური შემთხვევა მარტვილში მოხდა.
ელგუჯა ჯამრიშვილი მდინარეში 18 წლის მიხეილ ბერიშვილის გადარჩენას ცდილობდა. ორივე მათგანი მდინარის დინებამ გაიტაცა და დაიღუპნენ.