სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და სახნავ-სათესი მიწები.
სოფლის მეურნეობიოს სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და სოიოს ყანები. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ხიდებისა და გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
,,დასავლეთში სტიქია მძვინვარებს. ზარალი საკმაოდ დიდია. არსებულ ვითარებას გავეცანი მარტვილში, აბაშასა და სენაკში. ვითარება ყველგან საკმაოდ რთულია. დატბორილია ათასობით ჰექტარი ფართობი, სასოფლო-სამეურნეო სავარგული, განადგურებულია მოსავალი. ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე მუშაობს. ყოველ 10 წუთში განახლებულ ინფორმაციებს ვიღებთ. სამწუხაროდ, ზარალი ალბათ დიდი იქნება. ძირითადად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან რამდენიმე ხიდი წყალმა მთლიანად წაიღო, განადგურებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზებიც”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
დასავლეთ საქართველოში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქაღთველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.