ძლიერმა წვიმამ მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელს პრობლემა შეუქმნა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.
შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს.
შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული. მარტვილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყება. თავდაპირველად სოფლების შიდა გზების და ხიდების აღდგენა მოხდება.