ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი მზად არის გადადგეს, თუ მოსახლეობა შესაბამის გადაწყვეტილებას ე.წ. რეფერენდუმზე მიიღებს. ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ თავისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“თუ თქვენ, აქ მდგომნი, და ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა რეფერენდუმზე პრეზიდენტის გადადგომას მისცემს ხმას, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა თუ ეს არ მოხდება, მე ჩემი ვადის ამოწურვამდე ვიბრძოლებ სახელმწიფოში არსებული ნეგატივის წინააღმდეგ. მე ვერავინ შემაშინებს”, - განაცხადა ხაჯიმბამ.
სოხუმში მომხდარ არეულობას რაულ ხაჯიმბამ “სერიოზული და გამოუსწორებელი ვითარება” უწოდა.
10 ივლისს აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება, რომელშიც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას - “მიიჩნევთ თუ არა აუცილებლობად აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას”.
5 ივნისს ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტებმა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადეს. აქციის მონაწილეები ძიაპშბას კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასა და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.
მოგვიანებით, რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად, დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა.