ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უფრო ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობა: ახალი გზები და საშუალებები - გამოცდილების გაზიარება“ მიმდინარეობს. ღონისძიება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის -„ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური ბაზის გაძლიერება“ - ფარგლებში, ევროსაბჭოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანაორგანიზებით ტარდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის, მუნიციპალიტეტებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას. კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებებსაც განხილავენ.
კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები. კონფერენცია 2 დღიანია და 8 ივლისს დაიხურება.