დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი პარლამენტის შენობის წინ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მობრძანებით გაიხსნება.
მთავარსარდალს პატაკს აღლუმის სარდალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე ჩააბარებს. უმაღლესი მთავარსარდლისა და პირადი შემადგენლობის მისალმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აღლუმის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
მიმართვის შემდეგ ქვეყნის აღმშენებლობისა და კეთილდღეობისთვის გაწეული სამსახურისთვის უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი „ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენით, „ბრწყინვალების საპრეზიდენტო" და თამარ მეფის ორდენებით საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებებს დააჯილდოვებს.
დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეიარაღებული ძალების ორკესტრის თანხლებით მარიამ კახელიშვილი შეასრულებს.
ჰიმნის შემდეგ სარდლის ხელმძღვანელობით აღლუმის საზეიმო მსვლელობა დაიწყება. მსვლელობას გაუძღვებიან შეიარაღებული ძალების შენაერთებისა და ქვედანაყოფების მეთაურები.
აღლუმში 4 325 ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. ქვეითების შემდეგ რუსთაველის გამზირზე კოლონებად ჩაივლის სამხედრო ტექნიკა: კავშირგაბმულობის ავტომანქანები; მსუბუქი ჯავშანტექნიკა(Humvee, Cobra); ჯავშანტექნიკა (BTR-80, EDJER); ავტომობილებით ჩაივლის საარტილერიო ქვედანაყოფების შემადგენლობა: საარტილერიო სისტემები (Msta-B, Geocint, RM-70, GRADLAR, DANA). აღლუმს ავიაციის საჩვენებლი ფრენა - შვეულმფრენები ( UH1-1H, MI-8), მოიერიშე შვეულმფრენები ( MI-24) და მოიერიშე თვითმფრინავები (SU-25) დაასრულებს. (სულ- 117 ერთეული სახმელეთო და 18 საჰაერო საშუალება).
აღლუმზე სამხედროები ახალი შეფერილობის ტექნიკითა და ფორმებით წარდგებიან. საზეიმო ცერემონიალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მოწვეულები არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და წმინდა სინოდი; საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები; დიპლომატიური კორპუსი; რელიგიური კონფესიები; საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები; ხელოვანები და სპორტსმენები; სახალხო დამცველის ოფისი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
14:00 სთ-ზე, გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალი გაიხსნება. გახსნის ცერემონიას სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, გარდაცვლილთა ოჯახების წევრები და თბილისის მერი დაესწრებიან.
20:30 სთ-ზე მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე (დაბა ვაზიანი) დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე ჯგუფი „33ა" სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის დაწერილ ახალ სიმღერას წარმოადგენს. საღამოს ჯარისკაცებისთვის „33ა-სთან" ერთად ჯგუფი „ფრანიც" იმღერებს.