საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიხედვით გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულა და მისი გაანგარიშების წესი იცვლება, რაც მოქმედი ფორმულის ნაკლოვანებებითაა გამოწვეული.
კანონ-პროექტში ნათქვამია, ბოლო პერიოდში გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების განვითარებისათვის მიშვნელოვანია, თუმცა მისმა ზრდამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გაუსწროს. საბოლოოდ აღნიშნული ზრდა წინააღმდეგობაში მოვა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასთან, ვინაიდან კოდექსის პროექტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს. ამასთან, ეკონომიკური რეცესიის პირობებში ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის ფინანსური დახმარების მუდმივი ზრდა გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვან შემცირებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ხელს შეუშლის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულებას. ამასთანავე, გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულამ უნდა უზრუნველყოს დაფინანსების ისეთი მოდელის შექმნა, რომლითაც ყველა მუნიციპალიტეტს ექნება თანაბრად განვითარების საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა ფორმულის ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. განხილული იქნა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევაში გამოთანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი მოცულობა დაკავშირებულია მთლიან შემოსავლებზე, მათ შორის სააგადასახადო შემოსავლებზე, დამატებული ღირებულების გადასახადზე და ა.შ., ვინაიდან მომდევნო წლებში დაგეგმილია საგადასახადო განაკვეთების შემცირება, რაც ავტომატურად შეამცირებდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობას, მიზანშეწონილად ჩაითვალა ტრანსფერის მთლიანი მოცულობა პირდაპირ იყოს დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, რაც ეკონომიკური ზრდის პირობებში უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტზე გადასაცემი ტრანსფერის ზრდას, ხოლო ეკონომიკური განვითარების შემცირების შემთხვევაში თანაბრად გადაანაწილებს ქვეყანაში არსებულ რესურსებს. გარდა ამისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა ფორმულის გაანგარიშებისას გამოყენებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დაემატოს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკური მაჩვენებელი, რაც უზრუნველყოფს იმ მუნიციპალიტეტების უფრო სწრაფ განვითარებას, სადაც უფრო რთული სოციალური მდგომარეობაა.