საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 40 მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა და მისასვლელი გზების მოწყობა. ამ მომენტისათვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ელოდებიან მდინარე თერგში წყლის დონის დაწევას, რის შემდეგაც მძიმე ტექნიკა უშუალოდ გზის აღდგენით სამუშაოებზე გადავა.
23 ივნისს 18:00 საათზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დარიალის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, კმ134-კმ135 მონაკვეთზე, საშიშ ზონაში აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება და მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.
მეორე დღეა სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, მისი მოადგილე ირაკლი ხერგიანი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.