საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვიტარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
ბაღების რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. სასწავლო პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები 2 ეტაპად შესრულდა. პროექტის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდა ორივე ბაღის ამორტიზებულ კედლებს და ტიხრების. კედლები ბლოკით აშენდა და თაბაშირ-მუყაოს მასალით მოპირკეთდა. დამონტაჟდა ახალი კარ-ფანჯარა, დაიგო იატაკი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სველი წერტილები, სამზარეულო და სასადილო ოთახი. ბაღები აღიჭურვა გათბობისა და და სავენტილაციო სისტემებით, გამოიცვალა კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ფონდმა ეზოების კეთილმოწყობისა და შენობების მოპირკეთების სამუშაოებიც განახორციელა. ბაღების რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკმა 900101.60 ლარი გამოყო. სამშენებლო სამუშაოებზე 70 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.
შედეგად ორივე ბაგა-ბაღი, ნაცვლად 250 ბავშვისა, 400 აღსაზრდელის მომსახურეობას შეძლებს.