საპარლამენტო უმრავლესობა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" ამოღებას სხვადასხვაგვარი მიზეზით ხსნის, თუმცა ერთიანი პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინის შეცვლა საქართველოსთვის არაფერს ცვლის. ამის შესახებ განცხადებები ჟურნალისტებთან საუბრისას საპარალმენტო უმრავლესობის წარომადგენლებმა გიორგი გაბაშვილმა და პარალმენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა გააკეთეს.
როგორც დარჩიაშვილი მიიჩნევს, აღნიშნული რეზოლუციიდან ტერმინ ოკუპირებული ტერიტორიების "სეპარატისტულით" ჩანაცვლება რუსეთისა და მისი ლობისტური ჯგუფების ძალისხმევის შედეგია.
გაბაშვილის განცხადებით კი, ტერმინების შეცვლა მხოლოდ იმას უკავშირდება, რომ "ევროპელები თავს არიდებენ მკვეთრი ტერმინების ხმარებას და ეს არის ევროპელების სტილი". რაც მთავარია, ორივე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს არაფერს ცვლის, ვინაიდან რეზოლუციაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
"მთავარია ის, რომ ევროკავშირის პოზიცია უცვლელია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ასევე იმასთან დაკავირებით, რომ რუსეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. რაც შეეხება ტერმინების შეცვლას, ეს უბრალოდ სტილის საკითხია და როგორც წესი ევროპელები მკვეთრი ტერმინების ხმარებას ერიდებიან, თუმცა ის ფაქტი, რომ ერთ ქვეყანს სთხოვენ მეორე ქვეყნიდან ჯარების გაყვანას თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ეს ჯარები უკანონოდ იმყოფებიან და ევროკავშირი ამას აღიარებს", - აცხადებს გაბაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნულ რეზოლუციასან დაკავშირებით იგი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და არ ესმის იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც "ამ საკითხით აპელირება სურთ".