აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს. 21 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვედრას გამართავს კორკის საგრაფოს მერთან ბატონ ჯონ პოლ ო’შთან და დელეგაციის სხვა წევრებთან. არჩილ ხაბაძე მთავრობის წევრებთან ერთად სტუმრებს გააცნობს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ ნავსადგურად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც“ მოიხსენიებენ.
კორკის საგრაფოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრების გამართვის შემდეგ რეგიონის ტურისტულ და კულტურულ ღირშესანიშნაობებს გაეცნობა.