საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ორივე ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 78 მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება ურეკის წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.