საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა, სხვაგვარი ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
აღნიშნული დანაშაული ჯარიმით ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო თუ იგივე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია - სამი და 2-დან 5-წლამდე ვადით განისაზღვრება.
ამას “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
ცვლილებების ფარგლებში, დაგეგმილია სანქციის გამკაცრება ისეთ დანაშაულებზე როგორიცაა, ცემა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
“ასეთი დანაშაული სახელმწიფოსგან გაკიცხვას იმსახურებს, ვინაიდან პირი, რომელიც აცნობიერებს, რომ საარჩევნო უბანთან, საარჩევნო კომისიის განთავსების ან საარჩევნო აგიტაციის ადგილას იმყოფება და მაინც მიმართავს ძალადობას, როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლებისადმი უპატივცემულობას ავლენს. “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“, საიდანაც გამომდინარეობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია შეძლონ“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.