აჭარის რეგიონში ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესში მშენებარე საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე გადაერთების სამუშაოები ერთდროულად 4 პუნქტზე განხორციელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე ამა წლის 24 ივნისიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი აირის ყველა მომხმარებელს შეუწყდება გაზის მიწოდება.
მაგისტრალურ გაზსადენზე გადაერთების სამუშაოები გაგრძელდება ამა წლის 27 ივნისამდე, რის შემდგომ, ,,სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცემა მაგისტრალური გაზსადენის დატვირთვის და ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესის დაწყების საშუალება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება და დასრულდება მიმდინარე წლის 29 ივნისს.
შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობას და ბუნებრივი აირის ყველა სხვა მომხმარებელს.
თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვისას თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები.
ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული შემადგენლობით გადავლენ 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24 საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს აჭარის ხელისუფლებასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, რათა შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს კომუნიკაციების შეცვლის პროცესი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46.