საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.
პროექტის ფარგლებში, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, აშენდება ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, როგორც აუცილებელი შიდა, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ-გაყვენილობის, სისტემებით, ასევე, საჭირო ავეჯით. მოეწყობა ღია ტერასა და ავტოსადგომი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეკლესიამდე მისასვლელ გზას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს, ტურისტებისათვის მოეწყობა ღია - გადასახედი აივანი.
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტირებული კაცხის სამონატსრო კომპლექსი მეტ ტურისტის მოზიდვის საფუძველი გახდება. ეს კი თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.