აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.
მთავრობის თავმჯდომარე სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა. მხარეებს შორის ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და განათლებისა და კულტურის საკითხებზე გამახვილდა. ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის, ასევე აჭარის ბიზნესფორუმის იტალიაში, კერძოდ, კი ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ბარში დაგეგმვის საკითხში.
იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 წლის 1 სექტემბრიდან იმყოფება. საქართველოში ჩამოსვლამდე ანტონიო ენრიკო ბარტოლი ვაშინგტონში საქმიანობდა, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის“ შემდგომ პერიოდში. დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, იგი ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას. ჰყავს მეუღლე და ხუთი ქალიშვილი.
”იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და იმედი გამოთქვა, რომ იტალიელი ინვესტორებისა და ტურისტების რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.