გორში, ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი თითქმის გაივსო. მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ წყლით გაივსო სავაჭრო ობიექტებიც.
შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის გამო გორში დაახლოებით ნახევარი საათით ელექტროენერგიაც გაითიშა, თუმცა ამ დროისთვის ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.
,,ქალაქ გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. სანიაღვრე სისტემამ მოსული ნალექის გატარება ვერ შეძლო, რამაც ქალაქის ცენტრალური მოედნის და მიწისქვეშა გადასასვლელის დატბორვა გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინტენსიური სამუშაოების შედეგად წყლის სრულად ამოტუმბვა მოხდა.
ინტენსიურმა წვიმამ ქვიშა და ღორღი ჩამოიტანა სუხიშვილის ქუჩაზე, რამაც მცირედით შეაფერხა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქს ნაწილობრივ გაეთიშა ელექტროენერგია, თუმცა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალაქში წვიმის ინტენსივობამ იკლო, რაც სამუშაოების უფრო ინტენსიურად და ეფექტურად წარმოების საშუალებას იძლევა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია ათკაციანი ჯგუფი, რომელიც აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს და დახმარებას უწევს მოსახლეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი. ქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ ადგილას იმყოფებიან მერიის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.