აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქედის რაიონულ ცენტრში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უახლესი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა გახსნეს.
შემოსავლების სამსახურმა გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მიღების ახალი, მარტივი, სწრაფი და კომფორტული საშუალება ე.წ. RS CAR (მოძრავი სერვისცენტრი) შესთავაზა.
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.
"შემოსავლების სამსახურის ლოზუნგი, რომ ურთიერთობა მარტივია, კიდევ უფრო რეალობად იქცა. ამ მიზნით, შეძენილია ორი მიკროავტობუსი, რომელშიც მოწყობილია მოძრავი სერვისცენტრები და ისინი წინასწარგანსაზღვრული გრაფიკის მიხედვით იმოძრავებენ რეგიონებში. სადაც არ გვაქვს სტაციონალური სერვისცენტრები, ჩვენ დავიწყებთ გადასახადის გადამხდელებთან ურთიერთობას. აქ მათ შეეძლებათ, მიიღონ ნებისმიერი ის მომსახურება, რომლისთვისაც ადრე უწევდათ რეგიონულ ან რაიონულ ცენტრებში ჩასვლა და რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მათ შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები და უფრო მეტად იგრძნონ ჩართულობა გადახდის პროცესში. იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადი ხმარდება კარგ საქმეს, ქვეყნის აღორძინებას, აღმავლობას და ყველაფერი ეს, ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კულტურის ჩამოყალიბებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
აღსანიშნავია, რომ მოძრავი სერვისცენტრი მომსახურებას გაუწევს მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.
მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი სახის ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.