საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ანაკლიაში კანალიზაციის გამწმენდ ნაგებობას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანაკლიაში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. გარდა ამისა, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება. ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში მცხოვრებ 1100 ოჯახს და იქ ჩასულ 10 000-ზე მეტ ტურისტებს მოემსახურება.
პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 20 მილიონ ლარზე მეტია, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ 2015 წელს განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ანაკლიის ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.