საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სომხეთში, ქალაქ დილიჟანში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ერთიანი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტის მე-3 ოფიციალურ შეხვედრაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით მრავლი პროექტი ხორციელდება. ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მთავარი მიზანი საზღვრისპირა რეგიონების განვითარება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნაა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსაზღვრე რეგიონებში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას და ურთიერთ-კონტაქტების დამყარებას.
დილიჟანში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ერთიანი გადაწყვეტილების მიმღებ კომიტეტს 2016 წლის მარტი-აპრილის თვეებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნო და პროგრამის მიმდინარეობის ტემპები და მიმართულებები დადებითად შეაფასა.