ცხინვალში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ანტიტერორისტული წვრთნა ჩატარდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აღიშნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმაც მიიღეს.
"სწავლების სცენარის მიხედვით, სავარაუდო ტერორისტების ჯგუფი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეჭრასა და ტერორისტული აქტის განხორციელებას ცდილობდა. თუმცა სამხედროთა შეთანხმებული მოქმედებების გამო ეს მცდელობა წარმატებით იქნა აღკვეთილი. სამხედროებმა სავარაუდო ტერორისტები დააკავეს და ტერორისტული აქტის განხორციელებაც აღკვეთეს",_ იუწყება ოსური მხარე.
მათივე ინფორმაციით, რუსულ სამხედრო ბაზაზე ასეთი სწავლება-წვრთნა მომავალშიც გაგრძელდება. რუსი სამხედრობის განცხადებით, ჩრდილო კავკასიაში მდგომარეობა კვლავაც რთული რჩება, ამიტომაც "ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუდმივ მზადყოფნაში უნდა იმყოფებოდეს, წარმოქმნილ საფრტხეებზე უსწრაფესი რეაგირებისათვის"- განმარტავენ სამხედროები.