ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია კამპანიას დადებითად ახასიათებს და განმარტავს, რომ "მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, საარჩევნო კამპანიის გარემო სიმშვიდით ხასიათდება".
ანგარიშის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ბევრი სუბიექტი "საარჩევნო პროცესებისადმი კვლავ აშკარა სკეპტიციზმს გამოხატავს".
"სადამკვირვებლო მისიამ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფისგან მიიღო შეტყობინება დარღვევების შესახებ. ეს დარღვევები ეხებოდა კანდიდატებზე ზეწოლას, რომ მათ უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომლის დროსაც მათ სამსახურის დაკარგვითაც ემუქრებოდნენ; ასევე სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ უკანონო საარჩევნო კამპანიის წარმოებას და ადმინისტრაციული რესურსებისადმი არათანაბარ ხელმისაწვდომობას მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ", - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OშჩE/ODIHღ) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოხვდნენ, რომლებსაც ოპოზიციის წევრები მათ მომხრეებზე ზეწოლაში ადანაშაულებნენ.
"ამ ინციდენტის შემდეგ გუბერნატორმა, რომელსაც ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა, დროებით შეწყვიტა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა OშჩE/ODIHღ-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას გაანდო საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ საქმეში პროკურატორის ჩართვა უპრიანი იქნებოდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ "ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზოგჯერ ბუნდოვანია".
"ერთიანი საარჩევნო კოდექსის თანახმად სახელმწიფო თანამდებობის პირებს ეკრძალებათ აწარმოონ კამპანია სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ბევრმა კანდიდატმა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებმა აიღეს შვებულება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამოირჩევა "გამჭვირვალობით და თანამშრომლობის სურვილით".
OშჩE/ODIHღ-ის შუალედური ანგარიში, რომელმაც თავისი სადამკვირვებლო მისია საქართველოში აპრილში განათავსა, 4 მაისიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს.