საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
სამტრედია–გრიგოლეთის 52 კმ-იანი გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 ეტაპად (ლოტად) ხორციელდება. პროექტის მიზანი მზარდი სატრანსპორტო ნაკადებისა და სატრანზიტო ტვირთების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაა.
სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის მშენებლობისთვის ტექნიკური წინადადებების მიღება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება.
აღნიშნული მონაკვეთი ქალაქ ლანჩხუთთან იწყება და სოფელ ნიგვზიანსა და ხაჯალიამდე მიდის. სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთზე აშენდება: 12 კილომეტრი სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 3 ხიდი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 9 მიწისქვეშა და მიწისზედა გასასვლელი.
აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს კვეთს და სოფლებზე გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია გაივლის.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, მიმდინარე წელს დაიწყება და მისი დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება.