დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ,,ზიკას“ ვირუსთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
მისი თქმით, საქართველოში დაფიქსირებულია „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღო, თუმცა
ვირუსით გამოწვეული დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
,,რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არსებობს, რადგან საქართველოში დაფიქსირებულა ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ფიქსირდება ვირუსის გადამტანი კოღო, გვქონდა, მაგრამ ეს არც თუ ისე ხშირად იყო. იყო ასეთი ოთხი-ხუთი შემთხვევა „ზიკას“ ვირუსის გადამტანის ანუ კოღოს აღმოჩენის შესახებ, ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში და ბოლო ორი წელია, გაფართოვდა სადეზინსექციო სამუშაოები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, ეს დაავადება ადამიანისთვის არ არის რთულად გადასატანი, თუმცა გართულებებს იწვევს ორსულ ქალბატონებში, რადგან ორსულებში გარკვეულ შემთხვევაში ვითარდება ნაყოფზე მიკროცეფალია.
დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც წარდგენილი იყო სლაიდი, ისაუბრა პაატა იმნაძემაც და აღნიშნა, რომ ვირუსის სიმპტომები არის გაციება და თავის ტკივილი. სლაიდზე კი ნაჩვენებია, რომ საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის ყველაზე დაბლაა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.
როგორც აღნიშნეს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ზიკას“ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ზიკას ვირუსი შესაძლოა, ევროპაში გავრცელდეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს საქართველოს და რუსეთის შავი ზღვისპირა რეგიონებში, ასევე კუნძულ მადეირაზე.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც სპეციალისტები ვირუსის გავრცელების საშიშროების დონეს ზომიერად აფასებენ, არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რეგიონებში ბინადრობს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ზიკას ვირუსი გადააქვს.
კოღო ლათინური სახელწოდებით Aedes Aegypti 50-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ზიკას ვირუსი ბრაზილიაში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს კოღოების გავრცელების ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარონ და მოსახლეობა, განსაკუთრებით ორსული ქალები, დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილონ.
ზიკას ვირუსი, რომელიც ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული, ახალშობილებში ტვინის თანდაყოლილ დეფექტებსა და ნევროლოგიურ პრობლემებს იწვევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ არის შექმნილი.