საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო- მომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სამუშაოების ღირებულება - 1 მლნ ლარია. სამუშაოებზე 30-ამდე ადამიანია დასაქმებული.