საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, 6 კილომეტრიანი გზა 4 სოფელს: ცოდნისკარს, თელას, პატარაგორს და კაბალს ერთმანეთთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებს. აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, გზა მოინიშნება და ჩატარდება უსაფრთხოების სამუშაოები.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2, 300, 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა.სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.