საფრანგეთში გამოვიდა სტატიების კრებული თანამედროვე რუსეთზე - "რუსული იმედგაცრუებები ფრანგების თვალით". მასში დაწვრილებითაა აღწერილი ის ცვლილებები, რომლებიც ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან მოხდა. წიგნი 30 მკვლევარისა და სპეციალისტის მიერაა შედგენილი. მასში საუბარია რუსეთის ეკონომიკის გარდამავალ პერიოდზე, ავტორიტარიზმის ნიშნებზე, თვითიდენტიფიკაციის პრობლემასა და დემოგრაფიულ ვარდნაზე.
"წიგნში დასავლური სამყაროსთვის პირველად იხსნება რუსული არსი, გამოკვლეულია ნაციონალიზმის პრობლემები, საუბარია საბჭოეთის მემკვიდრეობაზე, სპორტზე, კულტურაზე და იუმორზედაც კი", _ წერს "Le Monde".
წიგნი გამომცემლობა "Fayard"-ში დაიბეჭდა საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, CERI-ის მონაწილეობით. წიგნის ავტორების აზრით, რუსეთმა სიცილი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა.
"მანამდე, ელცინის დროს, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული იყო ცნობილი სატირიკოსის გადაცემა "კუკლი". ეს იყო მწვავე პოლიტიკური სატირის მთელი ნაკრები, რომელიც საბჭოურ დროში მხოლოდ გაბოლილ სამზარეულოებში ბუდობდა, ხოლო ცენზურის გაქრობის შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდა. თუმცა პუტინმა კრემლში მოსვლის შემდეგ ჯერ ახალი პრეზიდენტის თოჯინის მოსპობა მოითხოვა _ რომელსაც დიდი ცხვირი და დიდი ყურები ჰქონდა და შემდეგ იმით დაასრულა, რომ მთელი ტელეარხი "ნტვ" ხელში ჩაიგდო", _ ნათქვამია სტატიაში.
იქვე აღნიშნულია, რომ "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი ვაკუუმის ამოვსების სწრაფვით, კრემლმა არჩევანი გააკეთა კონსერვატიულ ნაციონალიზმზე და იგი რუსეთის ახალი საყრდენი გახდა", _ ნათქვამია სტატიაში.