აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადასაცემი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერა და პერსონალის მომავალ სამუშაო გარემოს გაეცნო.
ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ახალ მისამართზე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განთავსდება. ახალგარემონტებულ შენობაში, 90კვ. მეტრ ფართობზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის სამუშაო, მოსასვენებელი, სამედიცინო სახარჯი მასალის შესანახი - სულ 5 ოთახი იქნება გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარითაც აღიჭურვება.
ამ დრომდე, ქედის სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. მომდევნო ეტაპზე, ადმინისტრაციული შენობები ხულოსა და შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რიონულ ცენტრებს გადაეცემა.