ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე სახლების მშენებლობის სამუშაოს დეტალებზე და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
„წელს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახების 115 განაცხადი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 70– ით ნაკლებია. კომისიის წევრები დაიყვნენ ჯგუფებად და ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გადანაწილდებიან”, - განაცხადა თოლორაიამ.
ედიშერ თოლორაიამ კომისიის წევრებს ზედმიწევნით მუშაობისა და მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. ასევე განიხილეს ის ეტაპები, რაც ტენდერში გამარჯვებულმა და შემდგომში შემსრულებელმა კომპანიამ უნდა გაიაროს.
,,ჩვენ გვაქვს წინა წლის გამოცდილება, ვიცით რა გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, აქედან გამომდინარე ყველა წვრილმანი უნდა იქნეს ზედმიწევნით გათვლილი და დეტალურად გაწერილი რათა, შემდგომი პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული. ჩვენი მიზანია მოქალაქეებს შევუქმნათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები და მჯერა რომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ არც ერთი ოჯახი არ დარჩება“. – განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
ამავე სხდომაზე გახდა ცნობილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის დაიხარჯება.