საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, უმოკლესი მანძილით აკავშირებს საქართველოს სამხრეთ რეგიონებს აჭარასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, შავიზღვისპირეთის კურორტებთან და სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქთან.
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, რკინაბეტონის ხიდის მშენებლობა და რკინიგზაზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია. ასევე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნების შეკეთება, საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.