საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა წყალტუბო-ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
წყალტუბო-ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქუთაისი -ხონი - სამტრედიის საავტომობილო გზის გადაკვეთასთან იწყება და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მიერთებასთან სრულდება. გზის აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე -სოფლებზე მაღლაკსა და ფარცხაყანევზე გადის და გზის გასწვრივ მდებარე სხვა სოფლებს ქალაქ წყალტუბოსთან და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის საფარსა და ხელოვნურ ნაგებობებს. ამ ეტაპზე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.