საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიომდე მისასვლელ 4 კმ -იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეაბილიტირებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს და მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამ გზით გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები მოსახლეობა და ამ სოფლის სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, აღნიშნულ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლე. გზის რეაბილიტაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელ ფახულანში, საავტომობილო გადაადგილებას გაამარტივებს და ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, გალის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის მიმოსვლას.
სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2015 წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი 50 % ადგილობრივი მოსახლეა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2,323,231.04 ლარია.