„პაციენტის უფლებების კვირეულის“ ფარგლებში, სენაკში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებს და სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს პაციენტის უფლებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ცხელი ხაზის მიერ შეთავაზებული სერვისები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ცხელი ხაზის წარმომადგენლებმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითვებსაც უპასუხეს.
პედაგოგებთან და მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრები სენაკის სკოლა „მარიოტაში“ და „იესემში“ გაიმართა. მონაწილეებს გადაეცათ ცხელი ხაზის ბუკლეტები, საიფორმაციო მასალა, სამახსოვრო დროშები, კალმები და ბრენფირებული მაისურები.
„დღის ბოლოს, ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობით, სენაკის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მაისურებით, ახალგაზრდებმა საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელეს და ქალაქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცხელი ხაზის პლაკატები გააკრეს. ახალგაზრდების ნაწილმა ადგილობრივი ბაზრობის ტერიტორიაზე, ნაწილმა ქალაქის ქუჩებში და სოფლებისკენ მიმავალი ავტობუსების სადგურზე დაარიგა ცხელი ხაზის საინფორმაციო მასალა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქტივობები, რადგან რეგიონების მოსახლეობაში უფლებებისა და სამედიცინო სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონე არცისე მაღალია. ჩვენი მიზანია, ეს მდგომარეობა შეიცვალოს და ყველა მოქალაქე იყოს დაცული“,- განაცხადა „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ პროექტის პაციენტის უფლებების ექსპერტმა გივი ჯავაშვილმა.
„პაციენტის უფლებების“ კვირული სხვა რეგიონებშიც გრძელდება. მომდევნო თვეების განმავლობაში, მსგავსი კამპანია ქვეყნის 8 ქალაქსა და დასახლებაში მოეწყობა.
„პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ახორციელებს.