საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი 3,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა.
აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია, რის გამოც, გზის საფარი ამორტიზებული იყო და მოსახლეობას მასზე გადაადგილება უჭირდა. მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მარტვილში ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დაკავშირებას გაამარტივებს და გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.
პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოწყო ხელოვნური ნაგებობები. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. პროექტის ღირებულება 1,224,710.90 ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა.