საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის 4,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი იმერეთის რეგიონში ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე შუამთასა და ჭყვიშზე გადის.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებთან მიდის და ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ,,მიუხედავად ამისა, გზა 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა და ის თითქმის ამორტიზებულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანად განახლება. ასევე, ხელოვნური ნაგებობების (წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები), ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების, საორიენტაციო ბოძკინტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ამ დროისათვის, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ საგზაო ნიშნებისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
გზის რეაბილიტაციის შედეგად, გაიზრდება გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლმუზეუმების ვიზიტორთა რაოდენობა. აგრეთვე, გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური პირობები.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 468 ათასი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება“, - აცხადებენ დეპარტამენტში.