ხვალ, 31 ოქტომბერს, ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს დაბადების დღე აქვს. ოს სეპარატისტთა ლიდერს 45 წელი უსრულდება.
ედუარდ ჯაბეს ძე კოკოითი 1964 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში დაიბადა. დაამთავრა ცხინვალის #5 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ედუარდ კოკოითი კავშირგაბმულობის განყოფილებაში ელექტრომონტიორად იწყებს მუშაობას.
1980 წელს ედუარდ კოკოითი საქართველოს სსრ ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში. არის სპორტის ოსტატი. 1983-1985 წწ. ჯარში მსახურობდა.
ამის შემდეგ კოკოითი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი ხდება. 1988 წელს ედუარდ კოკოითი ინსტიტუტს ამთავრებს "ფიზიკური კულტურის მასწავლებლის" სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლების დროს კომკავშირის კომიტეტის მდივნად აირჩიეს და ამის შემდეგ კომპავშირის სტრუქტურებში აგრძელებდა მუშაობას.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს (1990-1991) კოკოითი ქმნის საბრძოლო რაზმს და ვინმე გრი კოჩიევის საბრძოლო დანაყოფში თავის რაზმთან ერთად ერთიანდება.
1990-1993 წწ. კოკოითს ე. წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატად ირჩევენ.
1997 წელს ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე. წ. პირველი პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის განკარგულებით, ედუარდ კოკოითი რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის სავაჭრო წარმომადგენლად ინიშნება. ამ დროს კოკოითი ასვეე მუშაობს რუსეთის დუმის დეპუტატის ჩეხოევის თანაშემწედ.
2001 წლიდან დღემდე ედუარდ კოკოითი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტია. ედუარდ კოკოითი ორჯერ არის დაქორწინებული. მას სამი ვაჟი ჰყავს.